საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ალბანელ კოლეგას მიმი კოდელის უმასპინძლა. დღეს, საქართველოსა და ალბანეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა.
მხარეებმა ორი ქვეყანის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დაწყების საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ სტუმარს ახლო მომავალში საქართველოსა და ალბანეთის თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რომლის საფუძველზეც ურთიერთობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება. როგორც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართული მხარე სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკითაა დაინტერესებული. ირაკლი ალასანიამ სტუმარს ალბანელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის კურსების გავლა შესთავაზა.
მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ყურდაღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალბანელ კოლეგას საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.
ირაკლი ალასანიამ ალბანელ სტუმარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.