საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ სამხედრო მოსამსახურეებს 15 ივნისს სამხედრო ნაწილებში გახსნილ სპეციალურ საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამხედროებთან შეხვედრების მიზანი მათთვის არჩევანის თავისუფლებასა და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარანტიების, მათი, როგორც ამომრჩევლების უფლება-მოვალეობების და კანონით დადგენილი სანქციების დეტალურად გაცნობა იყო. საუბარი შეეხო წინასაარჩევნო აგიტაციასთან, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასთან, ამომრჩევლების მოსყიდვასთან, მარკირების პროცედურასთან, ხმის მიცემის პროცედურასთან, ბიულეტენების შევსების წესთან, საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვასთან, დამკვირვებლების როლთან, ბიულეტენების დათვლასთან და გასაჩივრების წესთან დაკავშირებულ საკითხებს.
თავდაცვის სამინისტროს მიწვევით, თამარ ქაროსანიძესთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმაც მიიღეს. ისინი სამხედრო მოსამსახურეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, ადგილობრივი ხელისუფლების უფლება-მოვალეობებზე, საარჩევნო პროცედურებზე, მნიშვნელოვან საკანონმდებლო სიახლეებზე და თავიანთ საარჩევნო საქმიანობაზე ესაუბრნენ.
15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შეიარაღებულ ძალებში ცხრა სპეციალური უბანი გაიხსნება - თბილისში, გორში (3), ხაშურში, ქუთაისში, ბაღდათში, სენაკსა და ბათუმში. ამ უბნებში ხმას 3 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მისცემს. დამატებით 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურე არჩევნებში მონაწილეობას სამხედრო ნაწილის ახლოს მდებარე საარჩევნო უბნებში მიიღებს. ყველა სხვა სამხედრო მოსამსახურეს და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღონ.
თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო უფლებების დაცვას და შეიარაღებულ ძალებში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებას. დაინტერესებულ დამკვირვებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად დაესწრონ საარჩევნო პროცესს სპეციალურ საარჩევნო უბნებში და ნებისმიერი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, პირდაპირ დაუკავშირდნენ პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში: მინისტრის პირველ მოადგილეს, ირაკლი გეგეჭკორს და გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ჩაჩიბაიას.