დღეს, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2014"-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ერთობლივ წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო მოსამსახურე და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მონაწილეობს. სწავლება საშტაბო და საველე წვრთნებს მოიცავს. საშტაბო ნაწილში ამერიკელ სამხედრობთან ერთად, IV მექანიზირებული ბრიგადის შტაბია ჩართული. მეორე ნაწილი კი მთლიანად საველე წვრთნებს ეთმობა.
სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2014"-ის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს შეასრულებენ: ჩხრეკა-კონტროლი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა, რაიონის გაწმენდა ამბოხებულებისგან, პატრულირება, საცეცხლე მომზადება და ა.შ.
სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2014" საქართველოში მეოთხედ ტარდება და სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად. წელს სამხედრო წვრთნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეები.
სამხედრო სწავლება სამ ფაზად ჩატარდება. წვრთნების აქტიური ფაზა 19 ივნისს დასრულდება.