საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს. თავდაცვის სამინისტრო 2014 წლის 10 ივნისიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35- წლამდე მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური.
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
სამინისტროს ინფორმაციით, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს. ასევე, გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.
რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 9 -კვირიან კურსზე (BCT - Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან, ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.
ცხრაკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხდება რეკრუტის ქვედანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნა.
მასალის გამოყენების პირობები