ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
საქართველოს პრეზიდენტს პატაკი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ჩააბარა. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების პირად შემადგენლობას საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სიტყვით მიმართა და ქართველი სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირად შემადგენლობას სამშვიდობო მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულს სიტყვით მიმართეს ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალინსმა.
ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.