ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან პირველი სამმხრივი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ალასანიამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და ისმეთ ილმაზმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარეებმა რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისით, ერთობლივი წვრთნების დაგეგმვასა და განხორციელებაზეც ისაუბრეს. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ გაღრმავებული თანამშრომლობა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ იქნება მიმართული.
„შედგა პირველი სამმხრივი შეხვედრა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. დაიწყო იმ ინიციატივის განხორციელება, რომელიც ჩვენ ერთი წლის წინ სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გვქონდა" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.