საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, სადაც ბარაკ ობამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებაზე საუბრობს.
"ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ, ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია - სამიტის შემდეგ ჩვენი ქვეყანა, იმ შემოთავაზებებით, რომელიც აქვს ნატოს და თავად პრეზიდენტ ობამას, ამერიკის მხრიდან საქართველო იქნება უფრო დაცული. აქ საუბარი არის, კონკრეტულად, საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. როგორც იქნება ასახული ჩვენი ინტეგრაციის პროგრესი სამიტის დეკლარაციაში, პარალელურად ამისა, იქნება გაძლიერებული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაში ნატოსთან, რომ დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან მეტი აქცენტი გადავა კონკრეტულად საქართველოზე, ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ჯარისთვის. რომელიც არის, პრაქტიკულად, სრულად თავსებადი ნატოსთან. ეს აღნიშნა ყველა გამომსვლელმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ გვექნება შემაკავებლის ფუნქცია"
მასალის გამოყენების პირობები