საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაემზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. 3-4 ივნისს ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. მინისტერიალის მთავარი თემები რუსეთ-უკრაინის კრიზის ფონზე კოლექტიური თავდაცვის ზომების გადახედვა და უელსში დაგეგმილი სამიტისთვის მზადებაა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, უკრაინელ, დანიელ, ბელგიელ და თურქ კოლეგებთან.
ხვალ, ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი გახსნის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.