კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. 2014 წლის გამოშვება ლიცეუმში საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულს ალექსანდრე გელაშვილს, რომელიც აშშ-ის ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას სახელით ფასიანი საჩუქარი გადაეცა. ლიცეუმის ხელმძღვანელობისგან კი მან სამახსოვროდ წიგნი და სერთიფიკატი მიიღო.
2011 წლის შესარჩევი კონკურსის შედეგად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 110 კადეტი ჩაირიცხა. მათგან ლიცეუმი 67-მა წარმატებით დაასრულა.
დღეს, 10 საუკეთესო კურსდამთავრებულს ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების პროგრამის წარმატებით დამთავრებისთვის, სამახსოვროდ წიგნები და სერთიფიკატები გადაეცა. მოსწავლეთა 68-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში მიღწეული წარმატებისთვის I ხარისხის დიპლომი 8 კადეტმა, ხოლო II ხარისხის - 10-მა კადეტმა მიიღო.
ღონისძიებაზე 2013 წლის ორი კურსდამთავრებული, რომლებიც ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლობენ, ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს. დღესვე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა ლიცეუმის ორი სამხედრო მოსამსახურე. მაიორ გიორგი ცუცქირიძეს მედალი „გიორგი კვინიტაძე", ხოლო სერჟანტ ირაკლი ბოჭორიშვილს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული" გადაეცა. კურსდამთავრებული კადეტები ლიცეუმის კაპელანმა მამა დავითმა დალოცა. საზეიმო ცერემონიალი სპეციალური კონცერტით დასრულდა.
ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე დაესწრნენ.
ლიცეუმში სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეთოდიკით მიმდინარეობდა. კადეტებმა დამატებითი პროგრამით ფიზიკური მომზადება, ისტორია, სამხედრო საქმე, ტოპოგრაფია და ინფორმატიკა გაიარეს. მათ სამხედრო საველე მეცადინეობებიც ჩაუტარდათ, სადაც ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება და კავშირგაბმულობა შეისწავლეს.
კადეტთა უმეტესობამ, რომლებმაც ლიცეუმი დაასრულეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები