დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს აჰმედ უზუმჩუს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მიხეილ დარჩიაშვილმა სტუმარს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მთავარ მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება წარმოადგენს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა OPCW-ს მნიშვნელოვან წვლილს ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის განმტკიცების კუთხით. მხარეებმა OPCW-სა და ქართულ მხარეს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. მიხეილ დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს შეირაღებული ძალები, კომპეტენციის ფარგლებში, CBRN-ის უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის განხორციელების პროცესშია ჩართული. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნატოსთან სრულად თავსებადი CBRN-ის ქვედანაყოფი ჩამოყალიბდება, რომელიც მოკავშირე ძალებთან ეფექტიანად ოპერირებას შეძლებს.
შეხვედრის დასასრულს აჰმედ უზუმჩუმ კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებთან ბრძოლის კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
2013 წელს აჰმედ უზუმჩუს ხელმძღვანელობით, OPCW-მა ნობელის პრემია ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვაზე მიიღო.