დღეს, თავდაცვის სამინისტროში სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ სტრატეგიული დონის სემინარი დაიწყო. ტრენინგის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი დაესწრო. სასწავლო კურსი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის წარმომადგენელთა მიერ იმართება.
ტრენინგი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, სპეციალური ოპერაციების ძალების ფუნქცია-მოვალეობებისა და როლის განსაზღვრას ისახავს მიზნად. ოთხი დღის განმავლობაში, სემინარის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა ნატოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ამოცანები, სპეციალური ოპერაციების ძალები, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების გამოყენების კონცეფცია.
სემინარის პირველი დღე სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრებსა და ბაზაზე სტუმრობას დაეთმო. ტრენინგის ფარგლებში ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლებთან.