დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა. ენდრიუ ვებერი პენტაგონში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამებს ხელმძღვანელობს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ დარჩიაშვილი სტუმრებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ მათ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და თავდაცვის ტრანსფორმაციის გეგმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობის საკითხებს. როგორც მიხეილ დარჩიაშვილმა აღნიშნა, მალე საქართველოს ნატოსთან თავსებადი CBRN-ის ქვედანაყოფი ეყოლება. ქვედანაყოფი მოკავშირეებთან ერთად ოპერირებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებს: "ენდრიუ ვებერს ის გეგმები გავაცანით, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ მიმართულებით გაგვაჩნია. მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთი მნიშვნელოვანი ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება CBRN-ის უსაფრთხოებაზე სპეციალიზირებული. ვცდილობთ, ეს შესაძლებლობა ნატოსთან თავსებადობის სრული დაცვით განვავითაროთ. ამ ქვედანაყოფს უახლოეს პერიოდში ექნება სრული შესაძლებლობა, მაქსიმალურად მოახდინოს ოპერირება ალიანსის ძალებთან" - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.
მხარეებმა შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც გამახვილდა. ქართულ მხარესთან შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ენდრიუ ვებერმა შეაფასა - „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ. განვსაზღვრეთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებიც, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული ურყევი და შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მხარდაჭერას უცხადებს. ასევე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი სწრაფვას. ვისაუბრეთ CBRN საფრთხეებისთვის მზადყოფნისა და კრიზისებზე რეაგირების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიზისებზე რეაგირება იქნება ეს მასობრივი განადგურების იარაღი, ტერორიზმი თუ სტიქიური უბედურება. პრეზიდენტ ობამას და თავდაცვის მდივნის ჰეგელის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის პატივია საქართველოში ვიზიტი და თავდაცვის სამინისტროში დიდი ხნის პარტნიორებთან შეხვედრა".