საქართველო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს (CBRN) პირველად მასპინძლობს. დღეს, ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" ოფიციალურად გაიხსნა.
საინაუგურაციო ნაწილში მონაწილეობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო CBRN-ის ეროვნული პოლიტიკის განხორციელების საქმეში ჩართულია. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რეფორმების ერთ-ერთ მიმართულებას CBRN-ის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკელ და გერმანელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
მიხეილ დარჩიაშვილმა, ასევე ხაზი გაუსვა სენატორ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა.
საერთაშორისო კონგრესს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე, ენდრიუ ვებერი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები