დღეს, მუხროვანის ბაზაზე საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2014" ეროვნული ფინალის გახსნა გაიმართა. ღონისძიებას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე, კონკურსის ორგანიზატორები და მხარდამჭერები დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
პროექტის ორგანიზატორებმა მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცეს.
მუხროვანის სამხედრო ბაზაზე, საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს" მონაწილეები სამ დღეს დარჩებიან. ფინალში გასული კონკურსანტები ერთმანეთს, როგორც ინტელექტუალურ, ისე ფიზიკურ აქტივობებში შეეჯიბრებიან. მუხროვანის ბაზის ინსტრუქტორების დახმარებით, მოეწყობა შეჯიბრებები ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, საცეცხლე მომზადებაში და სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში.
"ალიანტეში" 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდები მონაწილეობენ. საერთაშორისო კონკურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.
კონკურსის მიზანი ნატოსა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
ეროვნული ფინალის შედეგად, საერთაშორისო კონკურსისთვის 25 მონაწილე გუნდიდან 6 საუკეთესო გამოვლინდება. საერთაშორისო ფინალი სლოვაკეთში, ლეშტის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. საბოლოო ეტაპზე გამარჯვებული 5 საუკეთესო გუნდი კი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც NATO-ს სამხედრო ბაზებს და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს" ორგანიზებით იმართება. საქართველოში პროექტს მხარს უჭერენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, ნატოს სათაო ოფისი, ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერები არიან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სლოვაკეთისა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიური განყოფილება.
მასალის გამოყენების პირობები