დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვიშეგრადის ქვეყნების დელეგაცია ეწვია. პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა უმასპინძლა.
ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლების დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საქართველოში არსებული დემოკრატიული და სახელმწიფო ორგანოების რეფორმების გაცნობა წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ რეფორმირების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ნატოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირეს.