საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი დღეს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და ზაკირ ჰასანოვი მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ.
დღესვე, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ასევე დაგეგმილია, აზერბაიჯანელი გენერლის სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში".
ვიზიტის მეორე დღეს, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართველ კოლეგასთან ერთად ბათუმში გაემგზავრება. გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.