ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ყანდაღარის პროვინციაში, საჰაერო ძალების ბაზაზე გამართეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სამხედროებმა ISAF-ის მისიაში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სადღესასწაულო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ნოდარ ეფრემიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი წარმომადგენელი ISAF-ის მისიაში პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. მათ ქართულ ქვედანაყოფს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის მილოცვა გადასცეს.
40 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ISAF-ის მისიაში დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისათვის „მადლობის სიგელით" დაჯილდოვდა. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხიანად შესრულებისთვის, ბატალიონის მეთაურის მიერ „მადლობა" გამოეცხადა სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის 41ჯარისკაცს.
ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე, მეთაურმა ილია ტიკურიშვილმა და მაიორმა მარკ სეიმ (GLT) ISAF-ის მისიაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნეს. ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრემ მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სტუმრებისთვის მიღება გაიმართა, სადაც სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს ქართული ჭიდაობის ილეთები უჩვენეს. ბატალიონის ჯარისკაცებმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, თანამედროვე საქართველოს განვითარებისა, ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.