საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ირაკლი ალასანია ენერგოუსაფრთხოების სამიტს დაესწრება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პანელზე „გეოპოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილება-ახალი ენერგო ლანდშაფტის ფორმირება" სიტყვით გამოვა. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც დაესწრება. ბერლინში სამიტზე ასევე, წარმოდგენილი იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰოისგენთან გამართავს შეხვედრას.
ირაკლი ალასანია აკადემიური წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება. თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების ფედერალურ აკადემიას და მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდს ეწვევა. სიტყვით გამოსვლისას ის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრებს.
თავდაცვის მინისტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდსაც ესტუმრება და ცენტრის ექსპერტებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ საქართველოში არსებულ ვითარებას გააცნობს.