საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საჰაერო კომპოზიციით გაიხსნება. მოედნის თავზე სამი იროკეზის ტიპის ვერტმფრენი გადაიფრენს და სახელმწიფო დროშას გაშლის. მოეწყობა ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლა და სახელმწიფო დროშების ფლეშმობი.
საზეიმო ღონისძიება ფიცის მიღების ცერემონიალით გაგრძელდება. ფიცის დადებამდე საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩააბარებს. პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.
საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიულოცავს. სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადი შემადგენლობა დადებს. 200 ახალწვეული საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებს მსახურს.
ფიცის მიღების დასასრულს, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს. თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება იროკეზების გადაფრენით დასრულდება, რომლებიც ფლაერებს გადმოყრიან.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები დაესწრებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. სამხედრო ტექნიკა საქართველოს 11 თვითმმართველ ქალაქშიც გამოიფინება.