საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია მარნეულის საავიაციო ბრიგადაში იმყოფებოდა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირველად ქვედანაყოფის შტაბს ესტუმრა. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა მინისტრს საავიაციო პარკის განვითარების გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შტაბიდან ირაკლი ალასანიამ საავიაციო ტექნიკის დასათვალიერებლად გადაინაცვლა და პირად შემადგენლობას გაესაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მოინახულა. დასრულების ეტაპზეა ლაზარეთი, საქვაბე და ბატალიონის შტაბის შენობა; სარემონტო სამუშაოები უტარდება ყაზარმას. უახლოეს დღეებში დაიწყება ბაზის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მარნეულის საავიაციო ბრიგადაში სტუმრობა თავდაცვის მინისტრმა სასწავლო ფრენებში მონაწილეობით დაასრულა.
„დღეს, გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, მარნეულის საავიაციო ბაზაზე ვართ. მიმდინარეობს ბაზის შემოწმება. მონაწილეობა მივიღე საწვრთნელ გაფრენაშიც. მინდა ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ მართლაც საოცარი და ძალიან მომზადებული სამხედრო პილოტები გვყავს. ჩვენ ასევე, მოვისმინეთ 2020 წლამდე განვითარების გეგმა, რომელსაც გენერალური შტაბი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. მინდა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით, თანმიმდევრულად განვავითარებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. არავის წინააღმდეგ არ ვაპირებთ შევიდეთ საომარ მოქმედებებში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება - ქართული ჯარის განვითარებას წინ ვერაფერი აღუდგება" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.