დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდა. მინისტრმა ანალიტიკოსებთან შეხვედრა ნატოსთან თავსებადობის კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე საუბრით დაიწყო. სამინისტროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - გაიზარდა საპარლამენტო და სამოქალაქო ზედამხედველობა, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად შეუერთდა ნატოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების/კეთილსინდისიერების ამაღლების (Building Integrity) პროგრამას.
ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედროების ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობაზე, 2014 წლის შემდეგ „გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს ჩართვაზეც ისაუბრა, ასევე შეეხო საავიაციო პარკისა და რეზერვის სისტემის განვითარების გეგმებს.
მინისტრმა ექსპერტებს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის, სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაცია, რაც 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მიღწევაა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ამის ნათელი მაგალითია.
დამოუკიდებელ ექსპერტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვები ძირითადად რეგიონალური უსაფრთხოების, ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხებს, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის პროცესს შეეხო. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში მინისტრმა ანალიტიკოსებისგან მოსაზრებები და რეკომენდაციებიც მოისმინა.