საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ანდრია გოცირიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლიტვის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა მიიწვია. ვიზიტი საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დელეგაციამ ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორთან, პოლკოვნიკ ოვიდიუს ეიტმინიავიჩუსთან გამართა შეხვედრა.
ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. მასპინძლებმა ქართველ კოლეგებს ლიტვის შეიარაღებულ ძალებში არსებული უწყებრივი კონტროლის მექანიზმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დასასრულს, მხარეებმა განხილული საკითხები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ლიტვაში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან ერთად ქ. შიაულიაიში დისლოცირებული ლიტვის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა მოინახულეს. აღნიშნული ბაზიდან NATO ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის სამხედრო პატრულირებას ახორციელებს.