"ქვეყნის იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავის გმირებზე. მე მინდა ვუთხრა ჩვენს სამხედროებს, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მათი იმედი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში მდებარე სამხედრო დასახლებაში სტუმრობისას.
დღეს მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ10 სამხედრო მოსამსახურეს, სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გორში დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ათივე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა თბილისში უკვე აქვთ მიღებული.
პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, ადგილზე მოინახულა სამხედრო დასახლებაში დასრულებული სამი საცხოვრებელი კორპუსი და კაპრალ რევაზ გორგაძისა და სერჟანტ ვეფხია გელაშვილის ოჯახებისთვის გადაცემული ადაპტირებული ბინები. პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დასაქმება და მათთვის სათანადო სამუშაო თუ საცხოვრებელი პირობების შექმნა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დაჭრილი სამხედროები ისევ ბრუნდებიან შეიარაღებულ ძალებში და მიღებულ გამოცდილებას კვლავ სამშობლოს სამსახურს ახმარენ.
გორში სამხედრო დასახლების მშენებლობა 2007 წლის თებერვალში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის აგვისტოში გაჩერდა. მშენებლობა 2013 წლის სექტემბერიდან განახლდა. ბინები ასევე,სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე გორის მეხუთე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. ამ ეტაპზე 87 გარემონტებული ბინიდან 15 ადაპტირებულია სპეციალურად მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის. საცხოვრებელი ბინები კეთილმოწყობილია და აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით