დღეს, ქალაქ რუსთავში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიება კაპრალის სახელობის მეშვიდე საჯარო სკოლაში მოეწყო. ვახტანგ გზირიშვილი სკოლის პედაგოგებმა გაიხსენეს. ღონისძიებაში საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. საღამოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ 2007 წლიდან მსახურობდა. 20 წლის ქართველი სამხედრო სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას დაიღუპა. მას დაჭრილი სამხედროები გამოყავდა, როდესაც რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ვახტანგ გზირიშვილი დაჯილდოებულია მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული". გარდაცვალების შემდეგ კაპრალს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა.