დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიესალმა და წარმატებები უსურვა: „კურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების, ასევე, სხვა სამინისტროების, უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ადეკვატური, სწორი აღქმა თუ რამხელა უსაფრთხოების გამოწვევები აქვს რეგიონს, საქართველოს. ეს ინტელექტუალური დებატები, თუ როგორი პასუხი უნდა გავცეთ ამ გამოწვევებს, სწორედ, ჩვენი ესტონელი მეგობრების მხარდაჭერით ხორციელდება. კურსი უკვე მესამედ ტარდება. სემინარს ტრადიციად ვამკვიდრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ, ასეთი კოლექტიური აზროვნების, ინტელექტუალური დებატების პირობებში, რომ გამოვკვეთოთ, ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის საქართველო, ესტონეთი ნატოს გაძლიერებისა და რუსეთის საფრთხის შემცირების კუთხით".
მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე, ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაიკ მარანმა. მან ყურადღება გაამახვილა სემინარის მნიშვნელობაზე: „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ესტონეთში 1999 წლიდან ტარდება და უკვე 1300-ზე მეტ წარმომადგენელს აქვს მონაწილეობა მიღებული. სემინარი ჩვენთვის შესანიშნავ გამოცდილებას იძლევა. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული კურსი საქართველოსთვის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში გაგვეზიარებინა. მნიშვნელოვანია, რომ სემინარს სხვადასხვა პროფესიის მქონე პირები დაესწრონ და მოხსენებები საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან უშუალოდ მოისმინონ, ასევე, კითხვები დაუსვან მათთვის საინტერესო თემებზე და დისკუსიები გამართონ, რაც მომავალში სასარგებლო ინიციატივებს ჩაუყრის საფუძველს".
სემინარი კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში" ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საბანკო სექტორის, ასევე, მედიის წარმომადგენლები. კურსის განმავლობაში ისინი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს გაეცნობიან, ასევე, მიიღებენ პასუხებს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეები თემატურად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ფორმირება და პრიორიტეტები, ნატოს 2014 წლის სამიტი, საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა და სამოქალაქო მხარდაჭერა, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.
მონაწილეებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს პოზიციაზე ვიდეო ჩართვის საშუალებით გაესაუბრება. პარალელურად, მონაწილეებს სიმულაციური კრიზისის სცენარზეც მოუწევთ ჯგუფური მუშაობა.
ხუთდღიანი სემინარის ფარგლებში, მონაწილეები უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტების, საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობების პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოხსენებებს მოისმენენ.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მესამედ ტარდება. კურსი ნატოს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.