აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სენატორებთან და კონგრესმენებთან გამართა შეხვედრები.
ირაკლი ალასანიამ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო. აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებთან, სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და ჯეიმს ინჰოფთან შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე, დაზვერვის კომიტეტის წარმომადგენელთან, კონგრესმენ მაიქლ როჯერსთან, შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების კომიტეტების წევრებთან, კონგრესმენებთან მაიკ ტერნერთან და მაიკ მაკკოლთან.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველო-აშშ-ს არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამერიკის კონგრესმენები და სენატორები მხარს უჭერენ საქართველოს, როგორც მის ევროატლანტიკურ სწრაფვას და გაწევრიანებას ნატოში, ასევე, ქვეყნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას. ისინი თვლიან, რომ საქართველო არის საიმედო, გამოცდილი პარტნიორი, პარტნიორი ასევე, დემოკრატიის გავრცელების კუთხით ჩვენს რეგიონში. აქედან გამომდინარე, როგორც რესპუბლიკელები, ასევე, დემოკრატები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ამ ორი საკითხის გადაწყვეტაში" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.