ავტორი ლუკ ქოფი
აშშ თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი მალე ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდება. საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია. ათასობით ქართველი ჯარისკაცი ავღანეთსა და ერაყში ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახურობს. ასობით მათგანი დაიჭრა, რამდენიმე ათობით ჯარისკაცი კი საერთაშორისო მისიას შეეწირა.
ქართველ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეგელს საშუალებას მისცემს ავღანეთის მისიაში შეტანილი წლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადოს; ასევე სამხედრო სფეროში გატარებული რეფორმები მიულოცოს და ორმხრივ გაღრმავებულ ურთიერთობებს ჩაუყაროს საფუძველი.
საქართველო: ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი ევროპაში
საქართველო ისეთივე ენთუზიაზმით მოქმედებს ნატოსთვის, როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებული ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ჯერ ალიანსის წევრი არაა. საქართველო ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლებთან. ამჟამად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" ავღანეთის საერთაშორისო მისიისთვის ამზადებს. გარდა ამისა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების, აშშ-ის ეროვნული გვარდიისა და რეზერვის წარმომადგენლები ქართველ სამხედროებთან ერთად ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ.
2008 წლის რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის შემდეგ, ქართულმა მხარემ სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და გამოცდილების მოსაპოვებლად ქართველი სამხედროების საერთაშორისო ოპერაციებში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
2008 წელს რუსეთის შემოჭრისას, საქართველოს ერაყში აშშ-ის შემდეგ, ყველაზე დიდი კონტინგენტი - 2000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა დისლოცირებული. ამჟამად, ავღანეთშ, ჰელმანდის პროვინციაში 1600 ქართველი სამხედრო ასრულებს მისიას, რაც საქართველოს, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უდიდეს კონტრიბუტორ ქვეყანად წარმოაჩენს.
2012 წელს, როცა ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა, მაგალითად საფრანგეთი, ავღანეთში კონტინგენტის შემცირებაზე შეთანხმდა, საქართველომ კიდევ უფრო გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი. დღეს, კი, როცა ნატოს წევრმა ქვეყნებმა ავღანეთში არასაბრძოლო-საწვრთნელი მისიაში სამხედროების რიცხვის დაკონკრეტებაზე უარი განაცხადეს, საქართველომ უკვე საჯაროდ დაადასტურა, რომ პოსტ-ISAF-ის მისიაში 750 ქართველი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. უფრო მეტიც, საქართველო 2015 წელს ნატო-ს რეაგირების ძალებშიც ჩაერთვება.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა
სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო სამხედრო და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობის გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. დღეისათვის, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანი ხდება.
2010 წელს პაკისტანში უსაფრთხოების მხრივ გართულებულმა ვითარებამ, აშშ და ნატო აიძულა ავღანეთში სატრანზიტო მოთხოვნებიდან გამომდინარე რუსეთისთვის მიემართა. ამ ეტაპზე უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ოფიციალურ მოსკოვს სატრანზიტო მარშრუტების შენარჩუნების სურვილი ალბათ აღარ ექნება.
საქართველომ ნატოს ავღანეთში კოალიციური ძალებისა და ტვირთის ტრანზიტისთვის თავისი დერეფანი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური შესაძლებლობები შესთავაზა. ქვეყანაში საერთაშორისო აეროპორტებისა და პორტების ინფრასტრუქტურა იხვეწება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის უმთავრესი სარკინიგზო პროექტიც დასრულდება, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან საქართველოს გავლით დააკავშირებს. საქართველოს გავლით სატრანზიტო დერეფანი ერთ-ერთი უმოკლესი და ნაკლებად ხარჯიანი მარშრუტია, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისას ნატოს შეუძლია გამოიყენოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მარშრუტით ნატო ნაკლებად დამოკიდებული იქნება რუსეთზე.
მაგალითი ნატოსთვის
ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით, ბოლო პერიოდში საქართველომ თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ბოლო მონაცემებით, მართლმადიდებლური ეკლესიის შემდეგ, ქართველი ხალხი შეიარაღებული ძალებს ენდობა.
რეფორმების უმეტესობას თავდაცვის სამინისტოში წინა მთავრობის დროს ჩაეყარა საფუძველი და ახლა მათი განხორციელება ალასანიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. რეფორმები მოიცავს სამოქალაქო კონტროლისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ძირითადი თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას და მომსახურე პერსონალისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.
თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეულმა პროგრესმა არაერთხელ დაიმსახურა ნატოს შექება. ალიანსმა საქართველოს მოუწოდა წარმატებული რეფორმები სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. ამერიკამ კი სურვილი გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს.
გზა დასავლეთისკენ
2008 წლის ნატო-ს სამიტზე, რომელიც ქ. ბუქარესტში გაიმართა, საქართველოს ნატოს წევრმა ქვეყნებმა პირობა მისცეს, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. საქართველომ ნატოს წევრობისაკენ გრძელი გზა განვლო. მიუხედავად ამისა, ნატოს წევრი რამოდენიმე ქვეყანა ეჭვობს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლისათვის რუსეთის ფედერაციასთან ომს გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან მიიღონ ნატოს წევრობის ისეთი მოწყობა ან კომპრომისი, რომელიც ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნატოს მე-5 უსაფრთხოების გარანტორი პარაგრაფის გავრცელებას მანამ გამორიცხავს, სანამ რუსეთთან კონსულტაციების საფუძველზე ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრა არ მოხდება.
აღებული ვალდებულებების დემონსტირებისათვის, საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში „ძალის გამოუყენებლობის" შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც რუსეთისგან განსხვავებით ცალმხრივად პირნათლად ახორციელებს.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა, რომელშიც მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, საქართველოს დემოკრატიული განვითარება აჩვენა. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩატარდა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობა აღნიშნეს. არჩევნებში დამარცხება ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რამაც საქართველოში მშვიდობიანი გზით პოლიტიკურ ცვლილებებს დაუდო საფუძველი.
კანონი თანაბრად უნდა ეხებოდეს, როგორც მართულთ ასევე მმართველებს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყოფილ სამთავრობო ჩინოვნიკებისა და მინისტრებთან მიმართებაში მრავალი გამოძიება დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა საკუთარი "შეშფოთება პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა". გამომდინარე იქედან, რომ უელსის ნატოს სამიტის ჩატარების თარიღი ახლოვდება, ზემოანიშნული საკითხი ნატოს წევრების გონებაში აუცილებლად დაილექება.
საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერა
ქართველებმა საკუთარი ბრძოლისუნარიანობა დაადასტურეს. ისინი თავდაცვის სექტორის ისეთ ტრანსფორმაციას ახორციელებენ, რომელიც ნატოსათვის ნამდვილად სამაგალითოა. საქართველოს კონტრიბუციისა და ავღანეთში თავგანწირვისთვის მადლიერების გამოხატვასთან ერთად, თავდაცვის მდივანი ჰეგელი ასევე უნდა:
• დაეხმაროს ქართველებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში. ყველა ქვეყანას საკუთარი თავდაცვის უფლება აქვს. აშშ-მა საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება უნდა მიყიდოს. ქართველები რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის პირობებში იმყოფებიან. გამომდინარე იქედან, რომ შეიარაღება ბუნებით თავდაცვისთვისაა განკუთვნილი, არ არსებობს არანაირი ბარიერი რატომ არ უნდა გადაეცეს იგი საქართველოს.
• უნდა მოხდეს საქართველოსთვის ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭების სტიმულირება. საქართველომ თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების კუთხით კარგი პროგრესი განიცადა. საქართველომ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების ტრასნფორმაციისათვის მაპ-ის სახით უელსის სამიტზე ჯილდო უნდა მიიღოს .
• გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო წვრთნების მხარდაჭერა. აშშ-მა აუცილებლად უნდა მოახდინოს შემცირებული ბიუჯეტის ფარგლებში საქართველოსთვის ტრეინინგებისათვის საჭირო თანხების გამოყოფა. აშშ-მა უნდა იმუშაოს საქართველოსთან ახლო ურთიერთობების შესანარჩუნებლად იმ პირობებში, როდესაც ავღანეთში სამშვიდობო მისია დასკვნით ფაზას უახლოვდება. აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სწავლებები აშშ-ის ღრმა ინტერესების გათვალისწინებით, აშშ-ის ძალების რეგიონის ცენტრში არსებობას უზრუნველყოფს.
• საქართველოს განხილვა, როგორც ავღანეთიდან სატრანზიტო მარშრუტი. მას შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობები ნელდება და პაკისტანი არამდგრად რეგიონად რჩება, ნატო-სა და აშშ-ს ავღანეთის მომარაგებისათვის ახალი გზები ესაჭიროება. საქართველოზე გამავალ სატრანზიტო გზას შესწევს უნარი ალიანსის წევრებს უმოკლესი და ყველაზე იაფი სატრანზიტო მარშრუტი შესთავაზოს.
არ მოხდეს შესაძლებლობების გაფლანგვა
საქართველო ნატოსა და აშშ-სთვის ყველაზე ერთგულ მეკავშირეს წარმოადგენს. იგი სახიფათო სამეზობლოში მდებარეობს და რუსეთი ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. საქართველომ შესძლო თავდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმები განეხორციელებინა; ნატოს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში უფრო გაზრდილი კონტინგენტით აგრძელებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი ვიზიტი, აშშ-ს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, ოფიციალურ თბილისთან ორმხრივი თანამშორმლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.