საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის დღევანდელი განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტების წინაშე განაცხადა, ყველა იმ ჩანაწერის, ტექნიკური მოწყობილობის ამოღება მოხდება, რომელზეც ტელეკომპანია ფიქრობს, რომ საეჭვოა. ასევე მოხდება ყველა იმ პირის დაკითხვა, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ.
"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს კერძო საუბრების, კერძო კომუნიკაციის, საიდუმლოს დარღვევას. მთავარ პროკურატურაში შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ღონისძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმრიტება," -განაცხადა კაციტაძემ.
ამავდროულად, პროკურატურა მიმართავს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობისა და შესაძლო დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა", - განაცხადა კაციტაძემ.
მისი განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფი "რუსთავი 2"-ში უკვე გასულია.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.