თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოშრევან ნამორაძეს, რომელიც ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაშია ბრალდებული, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ნამორაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება პროკურორმა მოითხოვა. დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუას აბაშიძის ქუჩაზე თავს3 მაისს დაესხნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან" გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
3 მაისსვე შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით.