მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა გეგმიური საველე მომზადება გაიარეს. სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი კომბინირებული საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. ასეულის დონის ქვედანაყოფმა ერთდროულად ორი ამოცანა - რეიდი და ჩასაფრება დაგეგმა და განახორციელა.
საველე ტაქტიკური წვრთნის მთავარ ამოცანას სამხედრო მოსამსახურეების ოცეულის დონეზე გადამზადება წარმოადგენდა. ხელმძღვანელობამ დავალების შესრულების დონე, ასევე ჯარისკაცების ინდივიდუალური მოქმედების და მომზადების ხარისხი წვრთნის ყველა ეტაპზე შეაფასა.
გეგმიური საველე სწავლების დროს, რომელიც 22 აპრილს დაიწყო, 43-ე ბატალიონის მეორე სადესანტო ასეულმა ტყიან რელიეფზე შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები - პატრულირება, კონტაქტზე რეაგირება, ძებნა და რეიდი შეასრულა.
მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებს უკვე გავლილი აქვთ ათეულის დონის საველე ტაქტიკური წვრთნები. მომდევნო გეგმიური სწავლება ასეულის დონეზე ჩატარდება. საველე სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს.