თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში თავდაცვითი სისტემის განთავსების ინიციატივაზე კონსულტაციებს აშშ-ში გამართავს. ევროპულ და ევროანტალნტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს კონკრეტული ანალიზი და შესწავლა სჭირდება, შემდეგ კი კონსულტაციები ნატო-ელ კოლეგებთან.
მისი თქმით, ეს სრულიად ახალი საკითხია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა გააჟღერა და არ იქნება სწორი, რომ ამ თემაზე ახლა კომენტარები გაკეთდეს.
ამის შესახებ მინისტრმა ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ აპატურაისთან შეხვედრაზე ეს საკითხი დეტალებში არ განხილულა.
„ჩვენ უფრო პოლიტიკურ თემებს შევეხეთ. რა თქმა უნდა, განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და რა შესაძლო პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული უელსის სამიტზე. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო-ში არის ერთსულოვნება საქართველოს მიერ დემონსტრირებული პროგრესის და მიღწევების, ასევე უსაფრთხოების სფეროში კონტრიბუციის გამო. უნდა დაფიქსირდეს უელსის სამიტზე პროგრესი, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალიანსის წევრებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პერიოდი და ვიზიტები, რომლითაც ჩამოდიან ჩვენთან და რომლითაც საქართველოს ხელისუფლება და პრემიერი მიემგზავრებიან", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მიზეზი მის მიერ განხორციელებული რეფორმებით იყოს ამაყი.