დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 23-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ლიცეუმს ამერიკელი უსინათლო ჯაზ-პიანისტი ჯასტინ კოფლინი ეწვია. მან ლიცეუმის მსმენელებისთვის კონცერტი ჩაატარა. ჯასტინმა ცნობილი ჯაზკომპოზიციები შეასრულა და კონცერტის ბოლოს დარბაზის მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
ღონისძიებას აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო, რომელმაც ლიცეუმის მსმენელებს სიტყვით მიმართა. მან ქართულ შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსსა და საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. "მინდა მივულოცო გენერალ კაპანაძეს, თავდაცვის მინისტრს ალასანიას და ქართული არმიის სრულ შემადგენლობას საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 23 წლისთავი. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორია. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო უსაფრთხოების სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მათ შორის ერთად ვმონაწილეობთ ავღანეთის მისიაში. სრულიად ნათელია, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა პროფესიონალიზმის დონე და ურთიერთავსებადობა ნატოს ჯარებთან. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ქმედითუნარიან ძალას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ინტერესების დაცვა".
ჯასტინ კოფლინზე საუბრისას, რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ უნარშეზღუდული ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში: „დღეს ჯაზის საერთაშორისო დღეა. ამერიკის კულტურის დღეების ფარგლებში საქართველოში უსინათლო ჯაზ-მუსიკოსი ჯასტინ კოფლინი მოვიწვიეთ. მისი კონცერტი სიმბოლურია, რადგან ხაზს უსვამს ლიდერობის მნიშვნელობას როგორც სამხედრობისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა დავძლიოთ სირთულეები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობები, გავაგრძელოთ ცხოვრება, ვიყოთ წარმატებულები და წარმოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები. ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა გვიჩვენეს, რომ სწორი მხარდაჭერით, სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მკურნალობითა და რეაბილიტაციით მათ მოახერხეს არა მხოლოდ ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში, არამედ მაგალითი მისცეს ყველა უნარშეზღუდულ ადამიანს. შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს სიცოცხლის დასასრულს. მინდა შევაქო ყველა ის ადამიანი, ვინც დაძლია ეს პრობლემა სამხედრო თუ სამოქალაქო საზოგადოებაში."