საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს ასრულებს. ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქაბულში ISAF-ის შტაბ-ბინაში, კოალიციური ძალების მეთაურს, გენერალ ჯოზეფ დანფორდს შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი განიხილეს, ასევე ისაუბრეს პოსტ-ISAF-ის პერიოდში თანამშრომლობის გამყარების პერსპექტივებზე.
ქაბულში, ბაზა „ფენიქსზე" გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის პირად შემადგენლობასაც ესტუმრა. ოცეულის მეთაურმა, კაპიტანმა ირაკლი ლორთქიფანიძემ გენერალ-მაიორს პირადად გააცნო ადგილზე არსებული სიტუაცია და სამოქმედო რაიონში გაძლიერებული ოცეულის ამოცანებსა და მოვალეობებსაც შეეხო.
ბაზა „ფენიქსზე" გენერალური შტაბის უფროსმა „ტაქტიკური დაჯგუფება ვოლუნტერის" მეთაურთან, პოლკოვნიკ რანდალ სიმონსთანაც გამართა შეხვედრა. მხარეებმა ბაზაზე არსებული სიტუაცია მიმოიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, ქართული ოცეულის თანამშრომლობა „ტაქტიკურ დაჯგუფება ვოლუნტერთან" და სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება.
ავღანეთში ვიზიტის დასასრულს, ქაბულში, „კაიას" სამხედრო ბაზაზე, შეხვედრა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შორის გაიმართა შეხვედრა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქართული ქვედანაყოფის საერთო ოპერატიულ გეგმაში ჩართვასა და ქართველი სამხედროების სამომავლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხებზე ისაუბრეს.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაციის ოთხდღიანი ვიზიტი, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, უკვე დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები