დღეს, საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები თბილისის 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და IV-V კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. სამი უწყების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი წერილები გადასცეს.
ავღანეთში მიმდინარე „ISAF"-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს მხარდაჭერის წერილები ბავშვებმა რამდენიმე თვის წინ პროექტის - „წერილი ჯარისკაცებს" - ფარგლებში მიწერეს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს 75 საჯარო სკოლიდან ავღანეთში 700-მდე წერილი გაიგზავნა.
ქართველი ჯარისკაცების ნაწილმა ბარათებს უკვე უპასუხა. ყველაზე მეტი გზავნილი ავღანეთიდან 87-ე საჯარო სკოლამ მიიღო. სტუმრებმა მოსწავლეებს სწორედ ეს წერილები გადასცეს. ღონისძიების მონაწილეებმა ავღანეთში გადაღებული ვიდეოკადრებიც ნახეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს ახალი ინიციატივა გააცნო. ხვალიდან საქართველოს მაშტაბით გამოცხადდება კონკურსი სახელწოდებით ,,ჩემი ჯარისკაცი". კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სამხედრო თემატიკაზე შექმნილი ესსეები უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებული 26 მაისს გამოვლინდება, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცემა.