საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთში ვიზიტს განაგრძობს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძესთან ერთად, ყანდაღარში „საჰაერო ძალების" ბაზაზე სპეციალურ სამთო-სადაზვერვო ბატალიონს ესტუმრა. ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა ილია ტიკურიშვილმა დელეგაციის წევრებს ადგილზე არსებული სიტუაცია პირადად გააცნო.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობის მონახულების შემდეგ, გენერალ-მაიორი, სპეციალური ძალების მეთაურთან ერთად, „რეგიონალური სარდლობა სამხრეთის" მეთაურს, გენერალ-მაიორ პოლ ლაკამერას შეხვდა. მხარეებმა სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მიერ ოპერაციის რაიონში მათზე დაკისრებული მისიის დეტალები განიხილეს. ბატალიონი ავღანეთში თითქმის ერთი თვეა იმყოფება. მათი მთავარი ამოცანა, კოალიციურ ძალებთან ერთად, ბაზის უსაფრთხოების დაცვა, პროვინციის სამოქმედო არეალში პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარებაა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ყანდაღარში „საჰაერო ძალების" მოწინავე ბაზა „პასაბიც" მოინახულა. მოწინავე ბაზაზე სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონის გაძლიერებული ასეული ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოებას იცავს და პატრულირებას ახორციელებს.
ყანდაღარის პროვინციაში სპეციალური სამთო-სადაზვერვო ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის ფარგლებში, „საჰაერო ძალების" ბაზაზე ასრულებს მისიას.