ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს" დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილებმა, პოლკოვნიკებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და რომან ჯოხაძემ მიულოცეს.
ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი"1997 წლის 22 აპრილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ,იაღლუჯას" პოლიგონის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი.
ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა წვრთნები, მათ შორის რეკრუტთა საბაზისო მომზადების სწავლებები ხორციელდება.
2009 წლიდან, ავღანეთის უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად სასწავლო ცენტრში ბატალიონების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" სიმულაციური სასწავლო ცენტრიც ფუნქციონირებს. ტარდება სწავლებები ჯარების მართვის და ოპერაციების გათამაშებით, მოწინააღმდეგის შესაძლო მოქმედებების გათვალისწინებით. სასწავლო ცენტრში წვრთნები MILES-ის სიმულიაციური მოწყობილობების გამოყენებით ხორციელდება.