საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ეწვია.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, საზღვაო კაპიტან ალექსის ვილერის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრნენ. მათ შეხვედრები გამართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ დარჩიაშვილთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლოანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობა, მიმდინარე თავდაცვის რეფორმები და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხები.