ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა უფლებამოსილება გადაიბარა. ბაზა „ფენიქსზე" გამართულ ოფიციალურ ცერემონიალს ქართველ სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად ამერიკელი, თურქი და ალბანელი სამხედროებიც დაესწრნენ.
„შავნაბადას" ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე" 6 თვის განმავლობაში იქნება დისლოცირებული. „ტაქტიკური დაჯგუფება ვოლუნტერის" შემადგენლობაში მყოფი ქართველების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ქართველი ჯარისკაცების მისია ბაზის ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრების პატრულირებას, საგუშაოების გამაგრებას, მთავარი გამშვები პუნქტის კონტროლსა და ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს ითვალისწინებს. პირველი ბრიგადის ოცეული ამერიკული ქვედანაყოფის სწრაფი რეაგირების საქმიანობაშიც ჩაერთვება და საჭიროების შემთხვევაში მათთან ერთად განახორციელებს კონკრეტულ დავალებებს.
საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მე-13 ბატალიონის ჯარისკაცებმა ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიარეს. 6 კვირიანი სპეციალური სწავლება ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციას მოიცავდა. გაძლიერებული ოცეული ავღანეთის მისიისთვის ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მოამზადეს.