ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტი საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ტრანსფორმაციის კონცეფციის განხილვასა და შეფასებაში დაეხმარება. საფრანგეთში ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის შტაბის ოფიცერთა შეკრებისას ქართულმა მხარემ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ტრანსფორმაციის კონცეფციის ძირითადი ასპექტების შესახებ მოხსენება გააკეთა. გადაწყდა, რომ კომიტეტის წევრი ქვეყნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კონცეფციის პროექტის ექსპერტირებაში დახმარებას გაუწევენ. აშშ, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, ბელგია, ნიდერლანდები, დანია და პოლონეთი 2014 წლის ზაფხულის შეხვედრაზე კონცეფციის შეფასებებს და რეკომენდაციებს წარადგენენ. შეხვედრისას ასევე, განიხილება საქართველოს ინიციატივა, 2015 წლის შემოდგომაზე კომიტეტის მორიგი სხდომის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.
საქართველო ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის წევრი დამკვირვებლის სტატუსით 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა. საქართველოსთან ერთად დამკვირვებელი წევრები ასევე არიან ავსტრალია, შვედეთი, ავსტრია და სამხრეთ კორეა. ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტი უშუალოდ ექვემდებარება ნატოს სამხედრო კომიტეტს და რეზერვის საკითხებში მთავარი მაკოორდინებელი სტრუქტურაა.