ამერიკელი სენატორი კრის მერფი საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების გეგმის (MAP) მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კრის მერფიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"იმის მიუხედავად, რომ საქართველოს გამო კონფრონტაციის საფრთხემ, შესაძლოა, წარსულში ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების დაყოფა გამოიწვია, ახლა ეს უკვე მკაფიო მესიჯს გააგზავნის პრეზიდენტ პუტინთან, რომ ის არათუ ვერ მიაღწევს საკუთარ მიზნებს მუქარისა და დაშანტაჟების გზით, არამედ მისი ეს ქმედებები კონტრპროდუქტიული იქნება", - განაცხადა კრის მერფიმ.
სენატორმა აშშ-ის ადმინისტრაციას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდისკენ და რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტისკენაც მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთის მცდელობამ ყირიმის უკანონო ანექსიაზე და მისმა მუქარებმა უკრაინის, მოლდოვასა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ, მთელი რეგიონის უსფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა.
"დროა, გავაძლიეროთ ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დავარწმუნოთ ევროპელი მოკავშირეები, რომ რეგიონის უსაფრთხოება აშშ-ის მთავარ პრიორიტეტად რჩება", - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
კრის მერფი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სამი კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. კერძოდ, აშშ-მა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მნიშვნელოვანი რაოდენობის დამატებითი სამხედრო ძალები უნდა განათავსოს; აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა და საფრანგეთმაც უნდა გადახედოს რუსეთისთვის სამხედრო მისტრალების მიყიდვას, რომლებიც სწორედ ისეთი ტიპის შეჭრისთვის არის განკუთვნილი, რაც ყირიმის ნაპირებთან განხორციელდა.