დღეს საერთაშორისო სწავლება "ვიკინგი 2014"-ი დასრულდა. სწავლების შტაბმა სამომავლო წვრთნებისთვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც მომავალი სწავლებებისთვის იქნება ადაპტირებული და მონაწილე პერსონალის პროფესიონალიზმის დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.
"ვიკინგი 2014"-ს დახურვის ცერემონიალი მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სწავლების ხელმძღვანელობამ მონაწილეებს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატები გადასცა.
წვრთნაში საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სწავლება თითოეულ მონაწილე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების წამყვან ქვეყანას შვედეთი წარმოადგენდა, სადაც განთავსებული იყო ოპერაციების დაგეგმვის შტაბი. მონაწილე ქვეყნების კოორდინაცია ტელეხიდისა და ვიდეოკონფერენციების საშუალებით ხორციელდებოდა. ისინი დავალებებს ოპერაციების დაგეგმვის შტაბიდან იღებდნენ, რის შემდეგაც ერთობლივად მოქმედებდნენ. სწავლების სცენარის მიხედვით, პირობით ქვეყანაში კრიზისი განვითარდა, რის გამოც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დახმარებისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიმართა. შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადები, რომლებიც პირობით ქვეყანაში „სტაბილურობის ოპერაციებს" ასრულებდნენ.
სწავლების მიზანს კრიზისის მოგვარების პროცესში, სამხედრო და პოლიციური დანაყოფების სამოქალაქო სექტორთან ერთად კოორდინირებული მოქმედების დახვეწა წარმოადგენდა. საქართველოში მიმდინარე წვრთნებში აშშ-ის ევროპული სარდლობისა და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა მონაწილეობდა. სწავლებაში ბალტიის თავდაცვის კოლეჯის სტუდენტებიც იყვნენ ჩართული. "ვიკინგი 2014" 31 მარტს დაიწყო.