დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ლატვიის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს იანის სარტსს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი იანის დრეიმანისიც დაესწრო. ლატვიის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფებიან.
შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლატვიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
მიხეილ დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოების თემებს, კიბერუსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან.
"ლატვია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. განვიხილეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, საქართველოსა და ლატვიის კონტრიბუცია ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციაში და ორმხრივი სამომავლო გეგმები. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ლატვიის მხარე ძალზედ დადებითად აფასებს იმ პროცესებს და რეფორმებს, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება და ჩვენს კონტრიბუციას. ეჭვგარეშეა, რომ ლატვია იქნება ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანა ნატოს მომავალ სამიტზე, რათა გადაიდგას ნაბიჯი წინ საქართველოს ნატოში გაწევრიანების კუთხით." - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა.
საქართველოში ვიზიტი და შეხვედრის შედეგები შეაჯამა ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც. "საქართველოში ნატოს კვირეულზე დასასწრებად ჩამოვედი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლატვია ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და კიდევ ოთხ სხვა ქვეყანასთან ერთად ნატოში გაწევრიანების 10 წლისთავს აღნიშნავს. ჩემი აზრით, ძალიან დროულია ვისაუბროთ თუ რა გზა გამოვიარეთ ჩვენ ნატოში გაწევრიანებამდე. ბევრს მიაჩნია, რომ ძალიან ნორმალურია, როდესაც ლატვია ნატოსა და ევროკავშირის წევრია. თუმცა, მაშინ ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს მოხდებოდა. შეუძლებელი არაფერია და ყველა მიზანი მიღწევადია. ეს რომ რეალობად ვაქციოთ, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ. ამ ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განვიხილეთ. სიხარულით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფართოვდება. საუბარი ასევე შეეხო ნატოს დაგეგმილ სამიტს უელსში, ჩვენს თანამშრომლობას საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით და რა უნდა გაკეთეს ამ მიზნის მისაღწევად. რა თქმა უნდა, განვიხილეთ უკრაინაში, ყირიმში განვითარებული მოვლენები და თუ რა გავლენას ახდენს ეს საქართველოს, ბალტიისპირეთისა და ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენი აზრით ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. რთულია პროგნოზი გავაკეთოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. თუმცა ცხადია, რომ ის აუცილებლად შეცვლის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და ევროპისა და ნატოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩემთან საუბრისას ნატოელი და ევროპელი კოლეგები დადებითად აფასებენ თავდაცვის სამინისტროს მიერ ნატოში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამთავრობო სტრუქტურაა საქართველოში. მინდა შევაქო ჩემი კოლეგები შესრულებული სამუშაოსთვის და გავამხნევო, რათა კიდევ უფრო უკეთესი შედეგები აჩვენონ. მხოლოდ კარგ შედეგებზე და უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი." - განაცხადა იანის სარტსმა.