საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონი უკვე ავღანეთშია. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, მომავალი 6 თვის განმავლობაში ყანდაღარის პროვინციაში „საჰაერო ძალების" ბაზაზე პირველად შეასრულებენ ISAF-ის მისიას.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, „საჰაერო ძალების" ბაზაზე შემაჯამებელ სწავლებას გადის.
ყანდაღარში ქართული კონტინგენტის განთავსება გეგმის მიხედვით ხორციელდება. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ახალი დისლოკაციის ადგილი თავიდანვე შეთანხმებული იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროებთან და სარდლობასთან.
ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარა. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.
მასალის გამოყენების პირობები