ENG / RUS       12+

თამაზ ვაშაძე: შანსი მე არ მაქვს, შანსი აქვს თბილისის მოსახლეობას

რესპოდენტის შესახებ

თბილისის მერის არჩევნები ახლოვდება. მაისის ბოლოს ქალაქის მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ იქნება დედაქალაქის მერი 4 წლის განმავლობაში. ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ჩქარობენ. მოძრაობა "სოლიდარობამ" კანდიდატად თამაზ ვაშაძე წარადგინა. ვაშაძე ქალაქის ისტორიაში პირველი მერი, 1991 წელს, უკვე იყო. მისი თქმით, იმ დროს ბევრი ცუდი რამ დაემთხვა, მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ეროვნული ხელისუფლება დაემხო. როგორც ვაშაძე აცხადებს, ბრუნდება იმიტომ, რომ რაც 20 წლის წინ ვერ მოახერხა, ახლა გააკეთოს.

- დაახლოებით ოცი წლის წინ თქვენ იყავით ქალაქის თავი. როგორ ფიქრობთ, რითი დაამახსოვრეთ თავი ხალხს და დაგეხმარებათ ეს გამარჯვებაში?

- ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა თბილისში. იმ პერიოდში სახელმწიფო გადატრიალებასთან ერთად მოხდა საქართველოში ყველაზე დიდი მიწისძვრა, რამაც მასობრივი ნგრევა გამოიწვია რეგიონების. მაშინ მიმართული ვიყავით იმისკენ, რომ არ მომხდარიყო რეგიონების მიგრაცია.

იმ პერიოდში მიეცა დიდი ბიძგი მუსკომედიის თეატრის მშენებლობას. გავაკეთეთ გლდანი-ნაძალადევის გზა, რაც საცობებს ქმნიდა. ქალაქში არ მომხდარა არც ერთი მკვლელობა და დანაშაული.

ვიღებდი ქალაქის მოსახლეობას, არა ისე, როგორც დღეს: ადამიანები რომ ეზიზღებათ. შეიძლება ადამიანს არ გაუკეთო, ვერ გაუკეთო, მაგრამ არ მოუსმინო _ არის უდიდესი დანაშაული. ამ მთავრობამ ვერ გაიგო, რომ ხალხის დაქირავებულია, ის უხდის ფულს და უნდა ემსახურებოდეს. ლითანიშვილიდან მოყოლებული, ჩემ შემდეგ ვინც იყო, ყველა ქალაქის მერზე კომპრომატები დევს. დღეს ამბობენ, რომ შევარდნაძე, ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ძიძიგური, პოლიტიკოსები არიან. სამარცხვინოა, პოლიტიკოსი გერქვას და ქვეყნის ტერიტორიებს კარგავდე. ვერავითარი სასწორი ვერ გადაწონის, რაც შევარდნაძემ და სააკაშვილმა გააკეთეს.

- გარდა იმისა, რომ გაქვთ მერობის გამოცდილება, კიდევ რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან?

- ამ ბრძოლის ველზე ყველა გამოდის გავლილი გზით. მომავლით ვაჭრობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, მომავალში ვინ რას გააკეთებს. ყველა რგოლი გავიარე, ოსტატიდან დაწყებული, მინისტრით და მერობით დამთავრებული. არც ერთი რგოლი არ გამომიტოვებია, როგორც დანარჩენებმა, დაიბადნენ და საბავშვო ბაღიდან პირდაპირ ქალაქის მერი უნდა გახდნენ.

მჯერა თბილისის მოსახლეობის საღი აზრის, რომელიც მივა საარჩევნო ყუთთან და არ გაყიდის სამშობლოს. მე ხელი წავავლე თბილისის მოსახლეობას მაჯაში და მისი მაჯისცემა მესმის. შინაგანი ძალა არც ერთ არ აქვს. შინაგან ძალას ღმერთი დებს კოდში, ამას სწავლა-განათლება არ უნდა.

- რას მოიცავს თქვენი პროიგრამა? რას სთავაზობთ ამომრჩევლებს?

- პირველი, ეს არის თბილისის განტვირთვა; ასევე, შეიქმნას სამუშაო ადგილები რეგიონებში, რომ დავაბრუნოთ თბილისიდან ხალხი თავიანთ კუთხეებში. თუ ათ წელიწადში ეს არ მოხდა, საქართველოს მშველელი დედამიწის ზურგზე არ იქნება. უნდა შევუქმნათ ყოველგვარი პირობა, ავუშენოთ სახლები, რომ მოვახდინოთ მათი მიგრაცია, თორემ დაცარიელებულ ადგილებს დაიკავებს სხვა ერი, ეს ლოგიკაა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება?

- ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას თბილისში. მეცნიერებასთან ერთად უნდა გადაწყდეს, რა დარგის ქარხნები უნდა აშენდეს, სად დასაქმდეს ხალხი და როგორ. ამაზე უნდა იმუშაონ ექსპერტებმა. უნდა იყოს კოალიციური მთავრობა. არავითარი პარტიული მერი! ჩვენს მთავრობაში ყველა პარტიის წარმომადგენელი იმუშავებს, ოღონდ უნდა იყოს პროფესიონალი. არ იქნება ასაკობრივი ზღვარი. გაიზრდება პენსიონერების პენსიები და მასწავლებლების ხელფასები.

რომ ნახონ, რა თანხებია ჩადებული ნაციონალების საარჩევნო კამპანიაში, რომლებსაც ყოველ 10 კაცზე ერთი 150-ლარიანი კოორდინატორი ჰყავთ, შოკში ჩავარდება თბილისის მოსახლეობა. უდიდეს დახმარებას გავუწევ ხელოვნების მუშაკებს, სპორტსმენებს, ახალგაზრდობას, ამაზე იმუშავებს კომისიები.

- რას მოიცავს თქვენი საარჩევნო კამპანია?

- ხალხთან შეხვედრებს კარდაკარ, უბან-უბან. ვთხოვთ ხალხს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იფიქრონ და გააკეთონ ნორმალური არჩევანი.

- რა რესურსებს გამოიყენებთ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად?

- დაფინანსება მწირი გვაქვს. არ გვაქვს ბილბორდების გაკეთების საშუალება. იმედი გვაქვს, ჩვენს აზრს მივიტანთ ხალხამდე და ხალხი გადაწყვეტს.

- თქვენი პოლიტიკური კარიერა დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო და მხოლოდ 20 წლის შემდეგ გადაწყვიტეთ ასპარეზზე გამოსვლა. რატომ?

- 10 წლის განმავლობაში იმიგრაციაში ვიყავი. სამშობლოს ღალატის მუხლით დამდევდა შევარდნაძის მთავრობა. მაგრამ შემდეგ მთავრობამ მცნო, როგორც რეპრესირებული და 2001 წელს დავბრუნდი.

- რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ახლა მერის არჩვნებში მონაწილეობის მიღება?

- ინტელიგენციის უდიდესმა ნაწილმა, პროფესორებმა, მთხოვეს, მეყარა კენჭი. მეც თავს მოვალედ მივიჩნევ, დავაბრუნო ჩემი კანდიდატურა. შემიძლია უდიდესი საქმე გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის.

- რას გვეტყვით სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით? სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ოპოზიოციურ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ირაკლი ალასანიას აქვს.

- ეს რეიტინგები ისე კეთდება, როგორც უნდათ. ალასანიას როგორ ექნება მაღალი რეიტინგი, კვირაში ოთხჯერ იცვლის პოზიციას და თხუთმეტჯერ მიმართულებას. მტერიც უნდა გიყვარდეს, იმიტომ, რომ იცი, მტერია.

- კანდიდატებიდან ვის მიიჩნევთ თქვენს კონკურენტად?

- ჩემი კონკურენტი არის მხოლოდ გიგი უგულავა, ვინაიდან უგულავა იყენებს სახელმწიფო რესურსებს ყველა მიმართულებით. ყოველ საღამოს გამოდის და ამბობს, წყალი გავაკეთეთ, გზა გავაკეთეთ. თბილისელებო, ქართველებო და არაქართველებო, თბილისის მერი იმიტომ არის, რომ გზაც დააგოს და სახურავიც გააკეთოს. ფული და რესურსები იმას აქვს. პარტიული მერი იმიტომ არ უნდა იყოს, რომ ინვესტორები არ დაფრთხნენ: 2 წლის მერე სხვა პარტია მოვა და დაზარალდება.

- უგულავასთან კონკურენციაში გამარჯვების შანსს როგორ შეაფასებთ?

- მე შანსი არ მაქვს, შანსი აქვს თბილისის მოსახლეობას.

- თქვენს პოლიტიკურ კურსან დაკავშირებით რას გვეტყვით?

- მხოლოდ დასავლეთი. პირდაპირ უნდა გავიდეთ პროგრესულ ევროპაზე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთთან უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა. რუსეთი რა მტარვალია, ყველამ იცის, მაგრამ მეზობელს ვინ შეგვიცვლის?!

- რა კომენტარი გაქვთ იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსეთთან ღია კავშირი რომ გადაწყვიტეს?

- მაგათ გააკეთეს თავიანთი თავის ლუსტრაცია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ ჩასვლით აფხაზეთს და ოსეთს დაიბრუნებს, ეს არის ხალხის მოტყუება. ასე ატყუებდა შევარდნაძე ხალხს, 96 წლიდან დაიწყება აღმავლობა საქართველოშიო. ასე ატყებდა სააკაშვილი ხალხს, მეორე არჩევნებზე აფხაზეთი ჩვენი იქნებაო და დაკარგა კიდევ ამხელა ტერიტორია.
საქართველოში პასუხი არავის არაფერზე არ უგია. სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, დააქციეს საქართველო, ერთი კაცი არ არის დასჯილი და მათი ლიდერები ლექციებს კითხულობენ _ კიტოვანი, სიგუები და სხვები. ეს ცინიზმია. ასეთი ქვეყანა ქვეყანა არ არის.
იმიტომ ვბრუნდები, რომ დამნაშავეები ვამხილო.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ინგა ბაჯელიძე

 

 

ავტორი: . .