სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ექსპერტებთან შეხვედრით დაასრულა. სლოვაკეთის ატლანტიკურ კომისიაში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ანალიტიკურ ცენტრში შეკრებილ აუდიტორიას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ირაკლი ალასანიამ მათ რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ქართველი სამხედროების ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობაზე, 2014 წლის შემდეგ „გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს ჩართვაზეც ისაუბრა.
ექსპერტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და კრიზისის მოგვარებაში ევროპის როლსაც შეეხო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში უკვე დასრულდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა სლოვაკელ კოლეგასთან მარტინ გლვაჩთან, ასევე საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაჟჩაკთან.