საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია სლოვაკ კოლეგასთან მარტინ გლვაჩთან გამართავს პირისპირ შეხვედრას. მინისტრები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ და სამომავლო ურთიერთობის მიმართულებებს განსაზღვრავენ. ირაკლი ალასანია სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ევროატლანეტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილავენ, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს პირველად მოეწერება ხელი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან გამართავენ პრესკონფერენციას.
დაგეგმილია ირაკლი ალასანიას შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაჟჩაკთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სლოვაკეთის ატლანტიკის კომისიაში სიტყვით გამოვა და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში 28 მარტს დასრულდება.