დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის კონგრესმენს მაიკ როჯერსს უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ამერიკელ კონგრესმენს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა ამერიკელ სტუმარს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი გეგმა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები გააცნო.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა და საქართველოს როლი პოსტ-ISAF-ის პერიოდში. მხარეებმა 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს.