დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, საქართველოს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მკურნალობა-რეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. აშშ-ის დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. ვაკო ავალიანმა სტუმრებს 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროგრამაც გააცნო. დაშავებული სამხედროები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის კლინიკაში საქართველოს თავდაცვის უწყების დაფინანსებით გადიან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართა შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრის გარემონტებისა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროექტზე. აღნიშნული პროექტის მიხედვით, რომელიც აშშ-ის ფინანსური და მატერიალური დახმარებით ხორციელდება, თბილისის სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის აგვისტოსთვის დაიწყებს. შეხვედრაზე პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალებიც განიხილეს.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მკურნალობა-რეაბილიტაციის სრული პროცესის ინსტიტუციონალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი თავდაცვის ეროვნულ აკადემიას, თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრს და წეროვანის გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ექსპერტთა ჯგუფმა თბილისის სარეაბილიტაციო ცენტრი, თავდაცვის ეროვნულ აკადემია და წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს და პროექტის ტექნიკური მახასიათებლები ადგილზე განსაზღვრეს.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ვოლტერ-რიდის სამხედრო-სამედიცინო ცენტრის ექიმი სკოლვილი, პროთეზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ევროპული სარდლობის J-4 დირექტორატის წარმომადგენელი პოლკოვნიკი მაიკლ ჰარცელი, ასევე, აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსის და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველთა პროგრამის წარმომადგენლები.