სამხედრო პოლიციაში რეფორმების განხორციელება გრძელდება. სამხედრო პოლიციელები გადამზადების კურსს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პირველად გაივლიან. კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის შედგენაზე ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს.
დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" სამხედრო პოლიციელებისთვის სპეციალურად შემუშავებული სასწავლო კურსის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალი გაიმართა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიესალმა. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის. სამხედრო პოლიცია იწყებს საკუთარი თანამშრომლების გადამზადებას. ისინი შეიძენენ და გაიღრმავებენ სამართალდაცვით თვისებებს. რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, ეს ის ორგანიზაცია იქნება, რომელიც დაეხმარება შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურ საქმიანობაში, პრევენციას გაუკეთებს დანაშაულს, არ იქნება სადამსჯელო სტრუქტურა და პოლიტიკური დევნის მანქანა, როგორც ეს იყო წლების განმავლობაში. მინდა მივულოცო სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობას და თითოეულ კურსანტს წარმატება ვუსურვო" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
კურსის გახსნის ცერემონიალს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე და შსს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი დაესწრნენ.
ღონისძიებაზე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. შესრულდა საქართველოს სახელწმიფო ჰიმნიც.
30 სამხედრო პოლიციელი პროფესიული გადამზადების კურსის გავლას ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ხვალიდან დაიწყებს.
ექვსთვიანი სასწავლო კურსი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ორ ეტაპს მოიცავს. სამხედრო პოლიციელებს სამხედრო განათლების კუთხით ლექციებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორები ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე წაუკითხავენ. შსს-ს უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები მათ პოლიციურ სასწავლო პროგრამებსა და სამართალმცოდნეობის მიმართულებებს პოლიციის აკადემიაში შეასწავლიან.
კურსის ფარგლებში მსმენელები ქვეითი საცეცხლე ჯგუფისა და ათეულის დონის ქვედანაყოფის ტაქტიკური მოქმედებების ძირითად პრინციპებსაც დაეუფლებიან. ასევე, გაეცნობიან ადამიანის უფლებებსა და პოლიციის ეთიკის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეგულირების სფეროებს, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად პრინციპებსა და მათ მნიშვნელობას, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ამოცანებსა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენების საკითხებს.
ექვსთვიანი მომზადების შემდეგ, კურსდამთავრებულები სერთიფიკატებს მიიღებენ და საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ მსახურს.