დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზარარ აჰმად ოსმანი მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ავღანეთს შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის "სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის" გაფორმება იგეგმება. საუბარი ასევე, ეკონომიკური კავშირების განვითარებას შეეხო.
მხარეებმა ავღანეთში ნატოს ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციის მიმდინარეობაზე იმსჯელეს და 2014 წლის შემდეგ "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ავღანეთში ადგილობრივი ძალებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესზე.
ირაკლი ალასანიამ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებს რეფორმების განხორციელების პროცესში. საქართველო ავღანეთს ქართულ სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას სთავაზობს.
„საგარეო საქმეთა მინისტრთან ვრცლად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე ავღანეთში, მოსალოდნელ და დაგეგმილ არჩევნებზე და ამ არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენი ჯარის და საერთაშორისო თანამეგობრობის, ნატოს ძალების ურთიერთქმედებაზე. ასევე, გვქონდა ძალიან ფართო საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მომავალზე და ეს ურთიერთობები სამხედრო თანამშრომლობას უნდა გაცდეს. მეტი ეკონომიკური ურთიერთკავშირი, სატრანზიტო შესაძლებლობები საქართველოში შევთავაზეთ ავღანელ კოლეგებს, რომ გამოიყენონ საკუთარი ეკონომიკური აქტიურობისთვის. აქედან გამომდინარე, ეს ვიზიტი იყო ძალიან დროული, სწორი ჩვენს ქვეყანაში და ასევე დავპირდით, რომ გავაგრძელებთ მათთან თანამშორმლობას ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ."
ზარარ აჰმად ოსმანი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან. ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები